ცხოველებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. მათ იყენებენ საკვებად, გამწევ ძალად, სამრეწველო ნედლეულად და სხვა. ზოგ ცხოველს ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგისათვის. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი როლი გარემოს იმ სახით შენარჩუნებაში როგორითაც იგი დღეისათვის მოგვეპოვება. ამ მნიშვნელობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმ პრობლემებისა რომელთა წინაშეც დგას ცხოველთა სამყარო.
მრავალი სახეობა დაუზოგავი განადგურების და ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევის გამო მოისპო ან მოსპობის საფრთხის წინაშე დგას. ამჟამად ქმედითი ღონისძიებები ტარდება ცხოველთა სახეობრივი რაოდენობის რეგულირებისათვის, დაცვისათვის, აღწარმოებისათვის (გამოცემულია კანონები, დაარსებულია ნაკრძალები, აღკვეთილები, შემოღებულია "წითელი წიგნი" და სხვა.). თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება რომ ცხოველური სამყაროს დეგრადაციის პროგრესირება გეომეტრიულ პროგრესირებას უახლოვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნების გადაგვარების პროცესი რომელიც ასეთი აშკარაა, წარმოადგენს ევოლუციური განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და შესაბამისად სახეობათა თუ მთლიანად ეკოსისტემათა გაქრობა არაა ნიშანი იმისა რომ საფრთხე მთლიანად ცოცხალ ბუნებას ემუქრება. თუმცა სანამ ასეთი ვარაუდები თეორიის სახეს არ მიიღებს (თუმცა შეიძლება არც არასოდეს მოხდეს), მანამდე კაცობრიობა დიდ რისკზე მიდის. ამდენად თითოეული ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ცოცხალი ბუნება.
რეკორდსმენი შინაური ცხოველები
ძროხა
სიმენტალური ჯიშის ერთ-ერთი ძროხა გამოიყენებოდა 20 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მან მოიწველა 86.900 კგ რძე. კოსტრომული ჯიშის ერთ-ერთმა ინდივიდმა 23 წლის განმავლობაში მოიწველა 120.247 კგ რძე. ინგლისში ერთმა ძროხამ იცოცნლა 36, მეორემ 40 წელი.
ღორი
ვორონეჟის ოლქში, მეღორეობის ერთ-ერთ სანაშენე ფერმაში, მსხვილი თეთრი ჯიშის ღორმა იცოცხლა 13 წელი, მან ბოლო წელს ორჯერ დაბადა 28 სული გოჭი. უნგრეთში კი ერთ-ერთმა ნეზვმა 22 წლის სიცოცხლის პერიოდში 412 სული გოჭი დაბადა.
ცხვარი
ინგლისში, სანაშენე წიგნში, აღნუსხულია დედა ცხვრის სიცოცხლის ხანგრძლივობის ასაკი 16 წელი, ცხვარმა კი, რომელმაც 21 წელი იცოცხლა, 35 ბატკანი დაბადა.
ცხენი
ი. მეჩნივოვი გვამცნობს, რომ 50 წელი იცოცხლა ერთ-ერთმა ცხენმა, რომელსაც მსუბუქ სატრანსპორტო სამუშაოზე იყენებდნენ. ინგლისში, მანჩესტერის უნივერსიტეტში ინახება ცხენის თავის ქალა, რომელიც 64 წლის ასაკში დაეცა, ხოლო პ. ვულიშოვის ცნობით, ერთმა ცხენმა 67 წელი იცოცხლა. ბევრი მეცნიერი ცდილობს, ახსნას სხვადასხვა სახეობის ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორები და მიზეზები. ამასთან დაკავშირებით, არსებობს რამდენიმე განსხვავებული თეორია:
- ცხოველთა სიცოცხლის ხანგრმლივობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ სიდიდეზე. მსხვილი ცხოველები უფრო მეტხანს ძლებენ, ვიდრე პატარები. მაგალითად, კურდღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლეა, ვიდრე ძაღლის, ცხვრისა და ღორის.
- სიცოცხლის ხანგრძლივობა, აგრეთვე, დამოკიდებულია ცხოველთა ნაყოფიერებაზეც. კურდღელი წელიწადში 30 ბაჭიას იძლევა, ღორი 40 გოჭს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 6 და 7 წელია, ხოლო ცხენისა და ძროხის – მკვეთრად ხანგრძლივი.
- გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს მათი კვების ტიპიც; ბალახისმჭამელები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ხორცისმჭამელები.